04, აპრილი 2019 21:00:00
მაღალმთიან აჭარაში მოპოვებული მინერალური წყლები რეალიზების პრობლემის წინაშე. აღმოჩნდა, რომ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისების მქონე წყლის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო არაფერს აკეთებს. რთულ პირობებში უწევთ საქმიანობა მეწარმეებსაც.
კოკოტაურს მინერალურ წყალს, წარმოების ისტორიაში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ქედის მუნიციპალიტეტში, ბალნეოლოგიური თვისების მქონე წყალი 1972 წელს ჩამოასხეს, საწარმო პერიდულად ფართოვდებოდა, ახალი დანადგარებით აღიჭურვა კიდეც, თუმცა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რეალიზაცია რჩება. მინერალური წყლის ჩამომსხმელი საწარმოს კარები წარმოებისთვის მაშინ იღება, როდესაც მზა პროდუქცია გაიყიდება. საწარმოს დირექტორი გვეუბნება, რომ „კოკოტაური“, ცნობილ მინერალურ წყლებს კონკურენციას ვერ უწევს.
პრობლემის გადაჭრას წყლის საზღვარგარეთ გატანაში ხედავენ, რისთვისაც საწარმოში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
რეაზაციის პრობლემის პარალელურად, რამდენიმე მცირე საწარმომ ქედაში არსებობა შეწყვიტა კიდეც. მერისის ხეობაში, სოფელ გუნდაურში „გუნდაურის“ სახელწოდების მქონე მინერალური წყლი ღია ბუნებაში უხვად მიედინება. წყლის წარმოება აქ წლების წინ შეჩერდა.
წარმოება შეწყვიტა სოფელ დანდალოში არსებულმა საწარმო კემისმაც, მისი ერთ-ერთი მეწილე, ყვება, რომ მინერალური წყლების წარმოება მთაში მომგებიანია, თუმცა მას პრობლემა არსებულმა დანადგარებმა შეუქმნა, ახლის შეძენა კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
რამდენიმე თვის წინ დაიწყო სოფელ ნამლისევში წყლის ჩამოსხმა „წყალოქრომ“, საწარმოს დირექტორი, რომელიც ამავდროულად ერთ -ერთი მეწილეა ამბობს, რომ მათ რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, უფრო მეტიც, ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ გადააწყვეტინა წარმოების გაფართოებაც. ახლა თანხების მოძიებაზე მუშაობენ, ევროკავშირისგან დაფინასებასაც ელოდებიან. წყლის ძირითადი გამსაღებელი ბაზარი სასტუმრო და სარიტუალო დარბაზებია.
ქედის ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც არც ლიცენზიას გასცემს და არც ვალდებულებებს უწესებს საწარმოებს აცხადებენ, რომ ისინი მზაობას გამოთქვამენ ხელი შეუწყონ წიაღისეულის მოპოვებას.
რატომ ვერ ვითარდებიან მინერალური წყლების საწარმოები აჭარის მთიანეთში? ხელშეწყობის რა სტრატეგია გააჩნია ხელისუფლებას? ჩვენ ამის გარკვევა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ვცადეთ, აქ გვითხრეს, რომ უფლებამოსილება მთლიანად აჭარის მთავრობას აქვს გადაცემული. თუმცა ირკვევა, რომ ამ მიმართულებით რეგიონის ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ, ლიცენზიას გასცემს.